რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით , საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, ხიდზე ჩატარებულ სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა; ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 680 000 ლარი შეადგინა.