თბილისსა და ბათუმში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, ბრიტანელ ექსპერტ ჰარი ფაინის ხელმძღვანელობით, საქმიან ტურიზმთან (MICE) დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები გაიმართა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, შეხვედრებს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჰარი ფაინმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული ტენდენციები და მიმართულებები გააცნო. განხილულ იქნა სექტორის მნიშვნელობა და საქართველოს უპირატესი მხარეები. საუბარი ასევე შეეხო საკონვენციო ბიუროების როლს სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ვიზიტის განმავლობაში ბრიტანელი ექსპერტი ასევე გაეცნო ადგილობრივ დონეზე არსებულ პოტენციალსა და რესურსებს, მათ შორის, მოინახულა სხვადასხვა განთავსების ობიექტი და საგამოფენო ცენტრი Expo Georgia.
საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წლის თებერვალში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მის მიზანს ქვეყანაში სხვადასხვა საქმიან ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიების მოზიდვა, საქართველოს პოტენციალის მარკეტინგი და ადგილობრივ დონეზე სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.