”დენისა და გაზის ტარიფების ზრდა გარდაუვალია”

დენის ტარიფის ზრდა არის გარდაუვალი, ამის შესახებ სემეკ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ახალი საქართველოს წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” განაცხადა.

„ყველა ის კომპონენტი, რომელიც ტარიფის ზრდაში შედის, გადათვლილია და ყველა მათგანმა 2-დან 6 თეთრამდე მოიმატა. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ სისტემა დაინგრეს, თუ არ გვინდა, რომ ყოველდღე ”ენერგოპროსა”და ”თელასის” განცხადებებს ვხედავდეთ - ხვალ დენი ავარიულად გამოირთვება და დილის 10-დან საღამოს 6-მდე, 20-50 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩებაო, თუ არ გვინდა, რომ ამას ყოველდღიური სახე მიეცეს და ქვეყანა ჩაბნელდეს, მაშინ სისტემის მდგრადობისთვის ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ტარიფის 1,5-2 თეთრით ზრდა გარდაუვალია”, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შემთხვევაშიც ტარიფი სამწუხაროდ 8-დან 10 თეთრამდე გაიზრდება: ”გაზი ნაწილობრივად დერეგულირებულია. არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის 1 სექტემბრამდე იყვნენ აბონენტები, მათთვის ტარიფი დადგენელია და არის 50-დან 51 თეთრამდე. რეგიონებში დერეგულირებული აბონენტები ვინც არიან, მათთვის არის 74, 78 ან 80 თეთრი, ასევე დერეგულირებული არიან იურიდიული პირებიც. ვფიქრობ სახელმწიფო ამას მოაგვარებს და კომპანიებთან მოლაპარაკების შედეგი იქნება ის, რომ ისინი კომისიაში სატარიფო განაცხადს არ შეიტანენ. ვფიქრობ ეს გარღვევა, რაც იქნება 2-3 თეთრიანი, იმ პირებს დააწვებათ, ვინც დერეგულირებაში არ ჯდებიან”, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.

თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები კი 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.