თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული სამხედრო პოლიციელი აცხადებს, რომ სამინისტროდან კიდევ აპირებენ თანამშრომლების გაშვებას. როგორც მეორე საპატრულო ასეულის საქმის მწარმოებელმა შოთა მათითაიშვილმა განაცხადა, თანამშრომლების გათავისუფლება უკავშირდება „ქამრების შემოჭერას“, თუმცა, მათ ოფიციალურ მიზეზად შტატების შემცირება დაუსახელეს.
„ზუსტად ვიცი, რამდენიმე დღეში კიდევ გაათავისუფლებენ თანამშრომლებს. მე 6 წელი ვმუშაობდი სამხედრო პოლიციელად. ერთი კვირის წინ უცაბედად, საღამოს 19:00 საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, სამოქალაქოების და პოლიციის ოფიცრების 80-მდე შტატი საერთოდ გაუქმდა და დარჩით ჰაერშიო. ჩვენთან ერთად გაათავისუფლეს 20-მდე სამხედრო ოფიცერიც. კომპენსაციაზე ესაუბრნენ მხოლოდ კაპიტნებს, ლეიტენანტებს და უფროს ლეიტენანტებს უთხრეს, ან ჯარში წადით ან საერთოდ სახლშიო. სამოქალაქოებთან და პოლიციის ოფიცრებთან საერთოდ არ ყოფილა კომპენსაციაზე საუბარი. ქამრების შემოჭერას ჩვენით ახდენენ. ფინანსებს ზოგავენ იმიტომ, რომ გენშტაბის ხელმძღვანელობამ თვითონ ჩაიდოს ჯიბეში“, - აღნიშნა შოთა მათითაიშვილმა.
თავდაცვის სამინისტროდან გუშინ 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.