„საქსტატმა“ 2016 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 8.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორის ლიდერობს სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი, საფინანსო სექტორი და ოპერაციები უძრავი ქონებით. ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
შინამეურნეობათა საქმიანობა საკუთარი მოხმარებისთვის, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა. უჩვეულოა, რომ ყველაზე ნელა მზარდ სექტორებს შორის სოფლის მეურნეობა სახელდება - დარგი, რომელშიც ბოლო წლებში მილიონობით ლარი ჩაიდო. ფერმერების თქმით, მათ არა აქვთ ფინანსური რესურსი, რომ თავიანთი მეურნეობა გააფართოონ, შესაბამისად, ეს დარგი ძნელად ვითარდება, მეცნიერები და აგრარული სექტორის წარმომადგენლები კი ამ მოვლენას მრავალი ფაქტორით ხსნიან.
„ბიზნესპრენიუსი“ ამ პრობლემაზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ სტეფანიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, აგრარული სექტორის ჩამორჩენა სულაც არ არის გასაკვირი.
„მე ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენი ფერმერების მეურნეობაც და შემოსავალიც მწირია. ამერიკაში, მაგალითად, ერთ ფერმერს 100, 200, 300 ჰექტარი მიწა აქვს. იქ აგრარული სექტორი სახელმწიფოს უდიდესი ხელშეწყობით განვითარდა: ფერმერები მთავრობამ ყველაფრით უზრუნველყო - სასუქით, ტრაქტორით და 10 წლის განმავლობაში გადასახადებიც კი მოუხსნა. მიუხედავად სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხისა, ასეთი პირობები ჩვენ არ გვაქვს და ამიტომაც ვტკეპნით ერთ ადგილს. უნდა არსებობდეს გრძელვადიანი კრედიტები, სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, რომ ადგილობრივმა ფერმერმა უცხო ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციას კონკურენცია გაუწიოს, ეს პროდუქცია უნდა შეიზღუდოს და მასზე სოლიდური გადასახადი დაწესდეს, ხელი შეეწყოს ქართული ნედლეულის წარმოებას და ა.შ... ჩვენ ამ დარგში უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვრჩა: ქარხნები აღარ გვაქვს, გადამამუშავებელი საწარმოები არა გვაქვს, ყველაფერი საზღვარგარეთ გაიტანეს ჯართად და დაწინაურებულ ქვეყნებს როგორ გავუწევთ კონკურენციას? მართალია, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში ბევრი საინტერესო პროგრამა განხორციელდა, მაგრამ პროგრამა შეიძლება იყოს საპილოტე დანიშნულებისა, აქ კი სერიოზული, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. საჭიროა სერიოზული დაფინანსება და გრძელვადიანი კრედიტები - სხვაგვარად ეს დარგი ვერ განვითარდება“, - აღნიშნავს ნოდარ სტეფანიშვილი.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე კი მიიჩნევს, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგს რამდენიმე წელიწადში ვიგრძნობთ.
მისი თქმით, აგრარულ სექტორში ჩადებული ინვესტიციების შედეგს 3-4 წლის შემდეგ მოვიმკით.
„ყველა საწარმოს, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, დრო სჭირდება. ერთ და ორ წელიწადში ვერ განვითარდება დარგი, რომელიც წლების მანძილზე ჩამკვდარი იყო და არ ვითარდებოდა. ამიტომ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ეს დარგი საქართველოში ნელა ვითარდება. ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და იმის მოლოდინი, რომ ეს უცებ და სწრაფად შეიცვლება, ნაკლებად მაქვს“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე მიზეზს გამოყოფს, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. მისი თქმით, ფერმერები მაღალი ხარისხის პროდუქციას ვერ აწარმოებენ, მათ შორის განათლების დეფიციტია, იაფი რესურსიც ნაკლებად ხელმისაწვდომია მათთვის, შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ძალიან ნელა ვითარდება.
„ფერმერების უმეტესობას არ შეუძლია ბანკიდან კრედიტი გამოიტანოს, როგორ შეიძლება დარგი განვითარდეს, როცა ადამიანს ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება? ბუნებრივია, რომ სწრაფად მზარდ დარგებს შორის სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი ლიდერობს. ეს მიმართულება იმიტომ დაწინაურდა, რომ ქვეყანაში ტურიზმი გაიზარდა, მაგრამ ჩვენი სასტუმროები ადგილობრივ პროდუქციას რომ ანიჭებდნენ უპირატესობას, მაშინ სოფლის მეურნეობაშიც სხვა სიტუაცია გვექნებოდა. მე მხოლოდ რამდენიმე სასტუმრო ვიცი, რომელიც ადგილობრივ, ქართულ პროდუქციას ყიდულობს. სხვები ძირითადად იმპორტირებულ, იაფფასიან პროდუქციას ეტანებიან. თუ მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთთან თანხვედრაში არ იქნება, როგორ შეიძლება რომელიმე დარგი განვითარდეს?“, - აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ნინო ზამბახიძის შეფასებით, მართალია, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფომ 1 მილიარდი ლარი ჩადო, მაგრამ აქედან ძალიან დიდი თანხა წავიდა სუბსიდირებაზე. „მე არც მქონია იმედი, რომ აგრარულ სექტორში მიმდინარე პროგრამების შედეგს უეცრად მოვიმკიდით, ამ შედეგს დაახლოებით 4-5 წელიწადი სჭირდება. მაგალითად, ძალიან წარმატებული პროექტია „დანერგე მომავალი“, რომელიც მრავალწლიანი კულტურების გაშენებას უწყობს ხელს, მაგრამ მის შედეგს 4-5 წელიწადში დავინახავთ“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.
აგრონომი აკაკი ღლონტის განმარტებით, ჩვენს ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობაში დასაქმება არ უხარიათ, ვინაიდან ქართული პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს უცხოურს, რომელიც მოყვანილია თანამედროვე ტექნოლოგიით, ძლიერი კადრებით, ძლიერი მექანიზაციით, ქიმიზაციით და ძალიან იაფია.
„ახალი ტექნოლოგიების გარეშე ეს დარგი ვერ განვითარდება. უცხოური პროდუქციის გავლენა ქართულ ბაზარზე უარყოფითად აისახება. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს, არის საბაჟოზე დაბეგვრა, უხარისხო პროდუქციის შემოწმება და შეზღუდვა, რადგან უცხოური, იაფფასიანი პროდუქტი ხშირად დაბალი ხარისხისაა. ამის გამო პატიოსანი მეწარმე იჩაგრება და სხვა სექტორში გადადის“, - აღნიშნავს აგრონომი.
აკაკი ღლონტის აზრით, აგრარული სექტორი არანაკლებ საჭიროებს პროფესიონალი კადრების, მცოდნე აგრონომების მომრავლებას, რომლებიც ფერმერებს დააკვალიანებენ და ასწავლიან.
„ახალი ტექნოლოგიები, მოტივაცია, ცოდნა და სამუშაო ძალა - ეს ფაქტორები აუცილებელია, რომ აგრარული სექტორი საქართველოში ნორმალურად განვითარდეს“, - აცხადებს ის.
ხათუნა ჩიგოგიძე