თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ , - ამის შესახებ დღეს, თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები და მათ ნაცვლად მეცამეტე ხელფასს მიიღებენ მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები.
ჯაბა სამუშიას თქმით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისთვის გაიცემა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ეს ადამიანები საჭიროებენ წახალისებას. მან საუბრისას ვერ დააკონკრეტა, რა რაოდენობის პირი მიიღებს მე-13 ხელფასს. განაცხადა, რომ ამ პირთა რაოდენობის დათვლა მოხდება.