საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი იხსნება, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქტები გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, აკაკი ახვლედიანი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტში ნატურალური, ახალი და ჯანსაღი აგროპროდუქტების რეალიზაცია მოხდება.
„აგროჰაბი“ ორშაბათს, მარშალ გელოვანის #22-ში გაიხსნება, სადაც 15 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „აგროჰაბში“ რამდენიმე საწარმოც მდებარეობს და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზებაც მოხდება. მომხმარებლისთვის კომფორტული სევისის უზრუნველსაყოფად, 150 ავტომობილზე გათვლილი პარკინგიც მოეწყო.
„ერთი წელია, რაც კომპანია „აგროჰაბი“ დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ თბილისში ნატურალური პროდუქტების აგრარული ბაზარი - აგროჰაბი შეგვექმნა. ყველა პროდუქტი, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, იქნება ნატურალური. კომპანიას საკუთარი ფერმები აქვს კახეთში, სადაც ფრინველი და საქონელი ნატურალური საკვებით ყოველგვარი დანამატების გარეშე იზრდება. მარკეტი ხორცპროდუქტებით სწორედ ამ ფერმებიდან მომარაგდება“,- აღნიშნა აკაკი ახვლედიანმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „აგროჰაბის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო ISO 22000-ი ხარისხის სერტიფიკატს ფლობს, 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება ხდება, მათ შორის იწარმოება არაჟანი, მაწონი, ხაჭო და სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის" ბრენდით გაიყიდება.
გარდა ამისა, „აგროჰაბი“ მომხმარებელს შესთავაზებს მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახის პროდუქტს: საკონდიტრო ნაწარმს, პურ-ფუნთუშეულს, ცივ და ცხელ სამზარეულოს და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.
„ჩვენი აკვარიუმები გვაქვს, სადაც წარმოდგენილია როგორც ქართული კალმახი, ასევე სხვა სახეობის ცოცხალი თევზი. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ თურქეთიდან იმპორტირებულ ფრეშ და ცოცხალ ზღვის პროდუქტებს. თევზი თურქეთიდან კვირაში ერთხელ შემოვა. „აგროჰაბში“ ნატურალური აგროპროდუქტების გარდა ოჯახისთვის და დისახლისებისთვის საჭირო სხვა პროდუქტებიც გაიყიდება,“ - აღნიშნა ახვლედიანმა.
„აგროჰაბის“ მარანში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 11 დასახელების ღვინო. როგორც „აგროჰაბის“ დამფუძნებელი ამბობს, კომპანიამ შეისყიდა ისეთი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა უსახელაური, ოჯალეში, ხვანჭკარა და სხვა. ღვინის დაყენება ყოველგვარი კონსერვატული დამუშაბების გარეშე ხდება. ჩამოსასხმელი ღვინოც გვექნება.
ჩვენი „აგროჰაბი“ იმით არის გამორჩეული, რომ აქ ყველაფერი ნატურალურია. მზა პროდუქტებიც, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, შაშხით დაწყებული და სალათებით დამთავრებული, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან იქნება დამზადებული. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი ფასები ბაზართან მიახლოებული იქნება,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
„აგროჰაბში“ მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს თანამედროვე და მაღალი სტანდარტებით დამზადებული მრავალფეროვანი ასორტიმენტის „ოჯახური“ მურაბები და მჟავეული. დიდი და მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეულის ძალიან დიდი არჩევანი, ხოლო ეგზოტიკური ხილის იმპორტი უცხოეთიდან განხორციელდება.
პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას სამი სახის ლაბორატორია აქვს: ფიზიო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარიული, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი ევროპული დანადგარებით.
მომავალ წელს კომპანია თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მარკეტის დამატებას გეგმავს.
ლიკა ამირაშვილი