გამოცემა AdAge-მა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი რეკლამისდამკვეთების ასეული წარადგინა. რეიტინგის თანახმად, 100 ყველაზე მსხვილ რეკლამისდამკვეთს შორის 47 ამერიკული კომპანიაა, 33 ევროპაში ბაზირებული, 20 კი აზიაში.
ამერიკული კომპანია Procter & Gamle მსოფლიოს ყველაზე მსხვილ რეკლამისდამკვეთად დასახელდა, რომელმაც 2015 წელს რეკლამაზე 10,4 მილიარდი დოლარი დახარჯა. მეორე პოზიციაზე ჰოლანდიური/ბრიტანული კომპანია Unilever არის - 8,9 მილიარდი დოლარის დანახარჯით რეკლამაზე, მესამე კი ფრანგული კომპანია „ლორეალია“ 8,2 მილიარდი დოლარით.
კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილი საავტომობილო ბრენდებს ერგოთ - 100-დან 16 კომპანია სწორედ ავტორეკლამის დამკვეთია, რომელთაც საერთო ჯამში 2015 წელს რეკლამაზე 47,0 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა - პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის კომპანიები, მესამეზე კი გართობა და მედია.
საერთო ჯამში, 100-მა ყველაზე მსხვილმა რეკლამისდამკვეთმა 2015 წელს რეკლამაზე 240,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2,0%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე.
კვლევის ავტორებმა კვლევისას კომპანიის მიერ რეკლამის ყველა სახეობაზე გაწეული დანახარჯი გაითვალისწინეს - დაწყებული სატელევიზიო რეკლამიდან, დამთავრებული რეკლამით სოციალურ ქსელებში.