ქვეყანაში არსებული სავალუტო ბაზრის პრობლემები ზრდის ფასებს, გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამცირებს პოლიტიკურ ნდობას და აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.
დღეს, საზოგადოება ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე კიდევ უფრო მეტად საჭიროებს დახმარებასა და ხელშეწყობის ზრდას, სუბსიდირებისა და დაკრედიტების მხარდამჭერ ღონისძიებებს. ჩვენ არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა და არ გვყავს ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოება. ქვეყანაში გაუარესებულია ეკონომიკური ჯანმრთელობა.
ფაქტია, რომ როგორც ვალუტის კურსი, ასევე ქვეყანაში არსებული პროცესებიც ინერციის მდგომარეობაშია. ამ ფონზე არ ხდება მმართველობითი გარემოს შეფასება შედეგებითა და მიღწევებით.
თანამედროვე გამოწვევების პირობებში სახელმწიფო სისტემის ეფექტიანობა არ იზომება. ქვეყანაში უცნობია პრობლემების სრული სპექტრი. ამიტომაც ხდება, რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ძირითადად გლობალურ ფაქტორებს ბრალდება. ამასთან, ბიუროკრატიის ეფექტიანობა „იკითხება“ მხოლოდ რეიტინგებით, თუმცა არა შედეგებით (ეკონომიკის ზრდა არის მხოლოდ 2.7%).
დღეს, ქვეყანაში, რთულად შესაფასებელია, არსებულ ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ეკონომიკური პოლიტიკა უფრო მეტ „გავლენას ახდენს“ თუ მეზობელი ქვეყნის ვალუტა, საგარეო ფაქტორები თუ გლობალური შოკები. ფაქტია, რომ ქვეყანას ჰყავს გადახალისებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, თუმცა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები და მოლოდინი ნეგატიურია.
სიტუაციას ამძაფრებს არაერთსულოვანი პოლიტიკური სისტემა, ურთიერთბრალდების ტრადიცია, არსებული პოლიტიკური როლები და დამოკიდებულება, თითქოს მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა ქვეყნის განვითარების პროგრამების შემუშავება, ხოლო ოპოზიციის როლი კი საჯარო კრიტიკა. წესით, კრიტიკას თან უნდა ახლდეს მოქმედების სწორი გეგმა და პროგრამა.
ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს სჭირდება საერთო პრობლემებზე ფოკუსირებული ხელისუფლება, პოზიცია, ოპოზიცია, საზოგადოება და ბიზნეს სექტორი. თუ ერთ პოლიტიკურ ფრთას ქვეყნის მართვა უჭირს, მეორე პოლიტიკური ფრთა ვალდებულია განვითარების ეფექტიანი პროგრამებით დაეხმაროს (არა პოლიტიკურ გარემოს, არამედ სახელმწიფო სისტემას).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწრაფად ცვალებადი პროცესებისა და მმართველობითი გამოწვევების ფონზე, ისეთივე სისწრაფით არ ხდება ახალი პოლიტიკური გარემოსა და ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიების ფორმირება. მმართველობითი გარემოს ნელი სვლა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომაროებას. შესაბამისად, სწრაფად განვითარებად გამოწვევებსა და ნელა განვითარებად მმართველობით რესურსს შორის არსებული ბალანსი სულ უფრო უთანასწორო ხდება.
პრობლემებს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ეფექტიან სახელმწიფო სისტემას ვერ ქმნის პოლიტიკური ინტერესებით შერჩეული კადრები. ამასთან, ასეთი კადრები საკუთარი თავის „რეფორმირებაზე“ უფრო მუშაობენ, ვიდრე ქვეყნის რეფორმირებაზე.
ამ ფონზე, მათი საჯარო გამოსვლები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება თეორიულად გრძნობს და სტატისტიკურად აღიქვამს პრობლემებს. საზოგადოება კი პრაქტიკულად განიცდის და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დონით იმკის მმართველობითი გადაწყვეტილების შედეგებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში აქტიურად განიხილავენ ძველი ავტოპარკის განახლების საჭიროებას. ამასთან, აღარავინ საუბრობს მმართველობითი სისტემის რესურსის განახლების საჭიროებაზე.
ალეგორიული შეფასებით, როდესაც ძველი გამოშვების ჟიგულის ძრავის რესურსი იწურება, მართალია ავტომობილი მაინც დადის, თუმცა მოძრაობა არის შენელებული, რასაც თან სდევს დაბალი სიჩქარე, მაღალი საწვავის ხარჯი, მომატებული წყლის დუღილი, ზეთის ხარჯი, რემონტის საჭიროება და ა.შ. ამასთან, ძრავის შეკეთებასაც აზრი არ აქვს, ძრავა უნდა გამოიცვალოს. მმართველობითი სისტემაც ჟიგულის ძრავის მდგომაროებაშია, „რემონტს“ აღარ ექვემდებარება.
რა უნდა გაკეთდეს:
1. საჭიროა თითოეული სახელმწიფო პირისათვის განისაზღვროს კონკრეტული შედეგი. „იგივე ტემპი, იგივე ხედვა და მიდგომები, იგივე ხალხი“ იგივე შედეგს მოგვცემს ან უფრო უარეს შედეგს გვიჩვენებს. მანამ სანამ თითოეული სახელმწიფო პირის მთავარი მისია არ გახდება შედეგის მიღება, კონკრეტულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება, მანამ გვექნება პრობლემები;
2. სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ერთი სფეროს ან ერთი დარგის განვითარების კონკრეტული გეგმა. პრობლემების დაძლევის მექანიზმების წარმოჩენის ვალდებულება სტრატეგიული უნარ-ჩვევების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ყველა პირის, ჯგუფის თუ შტოს ვალდებულებაა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა (განსაკუთრებით სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა) უნდა წარმოადგინონ ერთი სფეროს ან ერთი დარგის განვითარების კონკრეტული გეგმა;
3. ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე (მიწის, წყლის გაყიდვა) ორიენტირების ნაცვლად საჭიროა მეტი აქცენტები გაკეთდეს აუთვისებელი „ციფრული მიწების“ (იგულისხმება ციფრული ბაზარი) და ციფრული პროდუქტების ექსპორტზე;
4. საჭიროა ქვეყანა გახდეს ციფრული ეკონომიკის ფორმირებაზე ორიენტირებული. ტექნოლოგიებსა და განათლებაზე ფოკუსირება უნდა გამოიხატებოდეს ბიუჯეტში დაფინანსების წყაროების წარმოჩენითა და ხელშეწმყობი პროგრამების წარმოდგენით. სტრატეგიულად მოაზროვნე მთავრობა უნდა მოგვევლინოს „ციფრული ბროკერის“ სახით, განახორციელოს საკუთარ ხალხთან და ბიზნესთან ციფრული პოლიტიკის თავსებადობის ხელშეწყობა, ციფრული ბიზნესის სტიმულირება და მხარდაჭერა, რადგან სწორედ ციფრული საზოგადოებისა და ციფრული ბიზნესის ფორმირებით მოხდება გლობალური კონკურენტუნარიანობის მიღწევა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება;
5. ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს საზოგადოების რესურსი (ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევარები, ექსპერტები, ეკონომისტები, ფინანსისტები). მათ გააჩნიათ დიდი მზაობა და სურვილი, ჩართვნენ ქვეყნის განვითარებაში. შესაბამისად, მმართველობითი უნარი მდგომარეობს ამ უზარმაზარი რესურსის რაციონალურ გამოყენებაში;
6. საჭიროა სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა (ელექტრონული მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი). ასეთი ინსტიტუტით გაერთიანდება ახალგაზრდა მეცნიერ-მკლევარები და „ბუნებრივად პროდუქტიული კადრები“. აღნიშნული ინსტიტუტი კომპლექსურად შეისწავლის სახელმწიფო პრობლემებს, წარმოაჩენს ახალ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, ხელს შეუწყობს რეფორმების გატარებასა და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას. იდეის ნათელი დადასტურებაა ახალგაზრდების მიერ შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია“, ასევე სხვა ღონისძიებები;
7. დაბოლოს, ციფრული რევოლუცია ქვეყანას წარუდგენს უნიკალურ შესაძლებლობას, აღდგეს და დაძლიოს „განვითარებადი ქვეყნის“ სტატუსი. ამ მიზნით მთავრობამ უნდა შექმნას ქართულ გარემოზე მორგებული ციფრული ბიზნესის მოდელი და ფოკუსირება მოახდინოს ციფრული ბიზნესის განვითარების ეროვნულ მოდელზე.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე