თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის გეგმებსა და ბიუჯეტზე ისაუბრა.
„ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები - 26%-ით და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს“, - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს.
„ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.