დღეს გახდება ცნობილი, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ენერგეტიკისა და წყალმარაგების მარეგულირებელ კომისიაში 26 დეკემბერს, 12:00 საათზე სხდომაა დანიშნული, რომელზეც სემეკი კომპანიებს - „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს.

გაიზრდება თუ არა დენის სამომხმარებლო ტარიფები, სემეკ-ში წინასწარ პროგნოზს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ 26 დეკემბერს შესაბამისი დეპარტამენტი წარმოადგენს დადგენილების პროექტს, რომელსაც სემეკი კენჭს უყრის და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.