კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
მათივე თქმით, კომპანიას ხარჯი ეზრდება, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს.
„კომპანია ცალსახად ტარიფის გაზრდას არ ითხოვდა. უბრალოდ სურდა ტარიფი ხარჯების შესაბამისობაში მოსულიყო. თუმცა, სემეკ-ის ამ გადაწყვეტილებით „ენერგო-პრო ჯორჯია“ უკმაყოფილოა, რადგან რეალურად ხარჯი იზრდება, შემოსავალი კი არა. მაგრამ კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ეს აბონენტზე არ აისახოს,“ -გვითხრეს კომპანიაში.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ისიც აღნიშნეს, რომ მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავთ, საიდანაც კომერციული მომხმარებელი უფრო ნაკლებია.
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის კი გაიზარდა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომერციული მომხმარებლებისთვის, რომლებიც საშუალო ძაბვის სექტორს განეკუთვნებიან, ტარიფი ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 0,657 თეთრით, მაღალი ძავის სექტორის მომხმარებლებისთვის კი 0,001 თეთრით გაიზარდა, დაბალი ძაბვის სექტორისთვის კი უცვლელი დარჩა.
სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.