საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება 2017 წლის 1-ელი ივლისიდან იქნება სავალდებულო.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. შესაბამისი ცვლილება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღნიშნულისგან განსხვავებული წესი შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის მიზანია განხორციელდეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების გაცემის რეკლამირებისას. ცვლილებების თანახმად, კანონი ამოქმედდება 2017 წლის პირველი ივლისიდან. აღნიშნული განპირობებულია იმ სუბიქტების ახალ რეგულაციასთან ადაპტაციის მიზნით, რომლებზეც მისი მოქმედება გავრცელდება.
ამასთან, ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მას ემატება სამართალდარღვევა - ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა და დგინდება შესაბამისი სანქციაც. კერძოდ, ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განამეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები თითოეულ შემთხვევაში, კერძოდ, სამაუწყებლო რეკლამის ან ინტერნეტით გავრცელებული შეთავაზების ან/და რეკლამირების შემთხვევაში ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირი, გარე რეკლამირების მუნიციპალიტეტის ტერიტეორიაზე განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი, ხოლო ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შემთხვევაში - შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი.