საქართველოს ბანკმა Orange Santa-ს 2017 წლის სარეკლამო რგოლი გადაიღო.
სპეციალურად ამ რეკლამისთვის დადგულ ცეკვას ცნობილი იტალიელი წყვილი ჯანლუკა ვაკი და მისი მეუღლე ჯორჯია გაბრიელე ასრულებენ. როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, გადაღებები იტალიის ქალაქ ბოლონიაში იტალიელი მილიონერის საგვარეულო სახლში მიმდინარეობდა. ცნობილ წყვილთან დაკავშირება მათი პროდიუსერის დახმარებით მოხდა.
იტალიელი მეწარმე ჯანლუკა ვაკი ბოლონიაში დაიბადა. 49 წლის მილიონერი საგვარეულო კაპიტალის მფლობელია, დაინტერესებულია ინტერიერისა და ტანსაცმლის დიზაინით.
ვაკის ეკონომიკური განათლება აქვს. 2007 წლიდან მოყოლებული მოგზაურობისა და ტურიზმის კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. იტალიელი მილიონერის ქონება 450 მილიონი დოლარია. ვაკი საკუთარი ბიზნესის გარდა, მეტწილად ცნობილია ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით. მისი ინტერესთა სფერო ცნობილ სელებრითებს, ტელევიზიასა და ფეხბურთს მოიცავს. სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს მდიდრულ იახტებსა და ძვირადღირებულ ავტომობილებში ნახევრადშიშველ მოდელებთან გადაღებულ ფოტოებს. ბოლო დროს მისი გატაცება მუსიკა გახდა. ჯანლუკა ვაკის ცხოვრების მთავარი ფილოსოფია სიამოვნებაა და მან ამ თემაზე წიგნი სახელწოდებით ENJOY გამოსცა.
ჯანლუკა ვაკი და მისი მეუღლე გაბრიელე ჯორჯია ზაფხულში თავიანთი ცეკვით გახდნენ პოპულარულები.
„საქართველოს ბანკის“ Orange Santa-ს საახალწლო პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.