ალექსანდრე ჯეჯელავა - სასკოლო ექსკურსია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასკოლო ექსკურსია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად სკოლაში წელიწადში რამდენჯერმე სავალდებულო წესით მიდიან ექსკურსიაზე მოსწავლეები, თუმცა ის არ არის შემეცნებითი ხასიათის, ან მინიმალური შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. ჯეჯელავას თქმით, ექსკურსიების დროს ძირითადად შემეცნებითი ხასიათის შესაძლოა იყოს შესავალი, ხოლო შემდეგ ძირითადად გრძელდება წახემსებით და ბავშვთა გასართობი თამაშებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ ექსკურსია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების მიმართულებით ორგანიზებულ მეთოდად უნდა იყოს გამოყენებული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა ჯანსაღ ცხოვრების წესზე სკოლაში. მისი თქმით, იგეგმება ჯანსაღი წესის დანერგვა სკოლებში, განსაკუთრებით სოფლის სკოლების დაფინანსება ამ მიმართულებით, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დააფინანსოს. მინისტრის თქმით, იგეგმება ასევე განვითარება სასკოლო ბანაკების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე პედაგოგების შესახებაც ისაუბრა და მათ გმირები უწოდა.

”2017 წლის იანვრის ცვლილებების შედეგად ყველაზე მაღალი ანაზღაურების პედაგოგებს ექნებათ 1100 ლარი ხელფასი, ხოლო დანარჩენი პედაგოგების ხელფასი საფეხურების მიხედვით იქნება შერჩეული”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს პოლიტიკოსებს და დიპლომატებს განათლების სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები წარუდგინა.