მომავალი წლიდან ჩუმლაყში ბულგარული წიწაკის სათბური ამოქმედდება

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, მომავალი წლიდან წიწაკის სათბური ამოქმედდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის ავტორმა კახა წანაწყენიშვილმა უთხრა.

მისივე ცნობით, ჰოლანდიური ჰიბრიდის „სამანდერის“ (ბულგარული წიწაკა) პირველ მოსავალს უკვე 2017 წლის ზაფხულში მიიღებენ. როგორც წანაწყენიშვილმა აღნიშნა, სათბურში 1 000-1 200 ძირი მცენარის დარგვა იქნება შესაძლებელი.

„რკინის კონსტრუქცია უკვე გაკეთებულია, შხამქიმიკატები, ორგანული სასუქი და საჭირო მასალა უკვე შევიძინეთ, თუმცა, ბუნებრივი პირობების გამო სათბურს გახაფხულამდე ვერ გადავხურავთ. შესაბამისად, პირველ მოსავალს უკვე ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისში მივიღებთ,“-ამბობს წანაწყენიშვილი.

რაც შეეხება წარმადობას, თითო მცენარე დაახლოებით 5-8 კილოგრამ წიწაკას იძლევა, შესაბამისად, შემოდგომისთვის ბულგარული წიწაკის დაახლოებით, 8 ტონა მოსავალს ელიან.

წანაწყენიშვილის თქმით, პროდუქტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, პირველ რიგში რაიონის მასშტაბით გეგმავს. დაინტერესების შემთხვევაში კი მსხვილი სავაჭრო ქსელების ათვისებასაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება ფასს, პროდუქტი 2.5-4 ლარის ფარგლებში ეღირება.

წიწაკის სათბური სოფელ ჩუმლაყში პროექტის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ამოქმედდება. სათბურის დამფუძნებელი ამხანაგობა „თალპიონია“. პროექტის ღირებულება, რომლის შედეგადაც სეზონურად რამდენიმე ადამიანი დასაქმდება, 13 ათასი ლარია.