ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის დამკვიდრების ხელშეწყობა მოხდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე არსებულ სამუშაო ადგილებს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებულ პირებს შესთავაზებს. ბენეფიციარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიო დასაქმების პლატფორმაზე დაფიქსირებული დისტანციური სამუშაოს მოძიებასა და შესრულებაში, ასევე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში დაეხმარება.
გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მოიცავს. პროექტის ბენეფიციარები დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციების მოძიებას და ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონზე მეტი ვაკანსიის მქონე დასაქმების პლატფორმასთან მუშაობას შეისწავლიან.
სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.