უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარიზაციის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი.
„კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს. თუ ლარი უფასურდება, უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვადასხვა პრობლემას იწვევს. მეორე მხრივ, თუ უძრავი ქონების ფასები ლარით იქნება დენომინირებული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს უძრავი ქონების შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მისი განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებლისთვის გაზრდის პროგნოზირებადობას, ასევე ბიზნესისთვის - რომლისთვისაც როგორც ცნობილია, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს, შეამცირებს რისკებს.
”მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე. აღნიშნული მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.