საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა) იპ-მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი 4000 IT სპეციალისტის გადასამზადებელი პროგრამის ფარგლებში სასახლეში სივრცის გამოყოფას ითვალისწინებს. სააგენტოს მიერ გადამზადებული ტრენერები სასახლის ბენეფიციარებს 40 საათიან ტრენინგებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა განხრით ჩაუტარებენ.
„მემორანდუმის საფუძველზე სააგენტო და სასახლე იღებენ ვალდებულებას, წარმართონ საკუთარი საქმიანობა პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე, რაც განხორციელდება კონსულტაციების, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და ერთობლივი პროექტების მომზადების, წარდგენის, დაცვისა და განხორციელების გზით.
მემორანდუმის გაფორმების მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი და შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სასახლესა და სააგენტოს შორის ერთიანი ხედვის და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ამის საფუძველზე სასწავლო პროგრამის დახვეწა“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.