კომუნალური სუბსიდიის ფულადი სახით გაცემის აღდგენის მოთხოვნით სოციალურად დაუცველებმა დღეს თბილისის საკრებულოს წინ აქცია გამართეს.აქციის ორგანიზატორი ”უფლებადამცველთა სახლი” იყო.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: ”ნარმანია + ჩივიაშვილი=სუბსიდიის ქურდი”, ”აღდგეს კომუნალური სუბსიდიის ფულადი სახით გაცემა”, ”დაგვიბრუნეთ მოპარული სუბსიდია”.
როგორც „უფლებადამცველთა სახლის“ სოციალური აუდიტის საკითხებზე მრჩეველმა, სოციალურად დაუცველმა ნინო ჩხეიძემ განაცხადა, მათ არაერთი სოციალურად დაუცველი მიმართავს, აღდგეს 106 ლარიანი კომუნალური სუბსიდიის ფულადი სახით გაცემა.
ნინო ჩხეიძის თქმით, სოციალურად დაუცველებს წლის ბოლოს 106-ლარიანი სუბსიდია ქვითარზე დაერიცხათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხას მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად დახარჯავენ.
”სახლში ელექტროგამათბობელი დავდგი, რადგანაც ბუნებრივი აირის გამოყენების საშუალება არ მაქვს. ელექტროენერგიის გამოყენების შედეგად კი, გადასახადი უფრო მეტი მოვიდა. თანხა იხარჯება და ელექტროენერგიის საშუალებით მაინც ვერ ვთბებით”, - განაცხადა ნინო ჩხეიძემ.
მისივე თქმით, არაერთი სოციალურად დაუცველია, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული და მათ ამ სუბსიდიის მიღება უჭირთ.