მომავალი წლის 1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და რეკლამირების ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ, პარლამენტში „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონის ცვლილებათა პროექტშია ნათქვამი. პროექტი, რომელიც პარლამენტში 22 დეკემბერს არის ინიცირებული, ხელს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.
„საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ამ პუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით,“ - ნათქვამია პროექტში.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ განსხვავებულ წესს, როგორც ცვლილებათა პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეროვნულ ბანკს განსხვავებული წესის დადგენა სამართლებრივი აქტით შეეძლება, რაც მაგალითისათვის ემსახურება არარეზიდენტ პირთა დაცვის ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დედოლარიზაციის მისაღწევად დაგეგმილი ცვლილების დაანონსებისას, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება ლარით გახდებოდა სავალდებულო, თუმცა მისივე თქმით, ეს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას არ გულისხმობს.