40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები მსუბუქი ავტომობილის ფლობისათვის გადასახადს გადაიხდიან, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა კახა გვანცელაძემ განუცხადა, ეს ცვლილება განაპირობა საგადასახდო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა. მისივე თქმით, 40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკურმა პირებმა მომავალში დეკლარაციაში უნდა შეიტანონ მსუბუქი ავტომობილი და შესაბამისი გადასახადი უნდა გადაიხადონ.
”40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0.2%, ხოლო 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლების მქონე ფიზიკურმა პირებმა მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0.8% უნდა გადაიხადონ”, - განაცხადა კახა გვანცელაძემ.
აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში თანხების გაზრდას გამოიწვევს.