პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით.
მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზღვარი გაიზარდა როგორც სათამაშო აპარატების, ასევე სამორინეს მაგიდაზე და ინტერნეტთამაშებზე. შესაბამისად, საკრებულომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
”სამორინეს შემთხვევაში მაგიდაზე 30 000-დან მოსაკრებელი 40 000 ლარამდე გაიზარდა. სისტემური ელექტრონული ფორმით მოთხოვნილ თამაშობაზე 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე. თითოეულ მაგიდაზე 10 000 ლარიდან გაიზარდა 14 000 ლარამდე”, - განაცხადა კახა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში 1 იანვრიდან შევა.