ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნებამ შეიძლება ფასები უფრო მერყევი გახადოს და უძრავი ქონების გაძვირებაც კი გამოიწვიოს.
"სავალუტო რისკი მომხმარებლიდან ბიზნესმენზე გადადის, რადგან მას სამშენებლო რესურსების ნაწილში დოლარის გადახდა უწევს. თავის დაზღვევის მიზნით, ის ბინას უფრო მაღალ მოგებას დაადებს ლარში, ვიდრე ეს დოლარის შემთხვევაში იქნებოდა. გარკვეულწილად, ლარში ფასდადებამ შეიძლება ფასების გაზრდაც გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ფასი მერყევი იქნება. რადგან ის შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ლარის გაცლითი კურსი დოლართან მიმართებაში. კურსის ცვლილების უკანასკნელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, ფასიც ხშირად შეიცვლება," - განმარტავს ნამჩავაძე.
მისივე განმარტებით, ცვლილება საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ გავლენასაც მოახდენს და ხალხი უძრავი ქონების ლარში შეფასებას დაიწყებს. რეკლამებშიც ლარი იქნება მითითებული. შესაბამისად, საზოგადოება დოლარში დაანგარიშებას გადაეჩვევა. ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 100 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების დოლარში გაცემა იკრძალება. მომხმარებელი ლარში მიიღებს თანხას და ლარშივე დახარჯავს. დოლარის კურსს მასზე გავლენა აღარ იქნება.