15 ოქტომბრის შემდეგ საწვავი 19-33 თეთრით გაძვირდა

ოქტომბრიდან მოყოლებული საწვავის ფასმა საქართველოში საგრძნობლად მოიმატა. კერძოდ, 15 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 19 - 33 თეთრით გაძვირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების კორექტირების მიზეზი - საერთაშორისო ფასები და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი იყო. მისივე ცნობით, ეროვნული ვალუტა იმდენად იყო გაუფასურებული, რომ ამან საწვავის ფასის ამ დოზით ცვლილება გამოიწვია.

რაც შეეხება ფასებს, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი აღნიშნულ პერიოდში 19-33 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ეკო-სუპერის მარკის ბენზინი დღეის მდგომარეობით, 2.19 ლარი ღირს, მაშინ როცა 15 ოქტომბრამდე 1.95 ლარი ღირდა; ეკოპრემიუმის ფასმა - 1.79 ლარიდან 2,04 ლარამდე, ევრო რეგულარის - 1.59 ლარიდან 1.84-მდე; ეკო ევრო რეგულარის საფასურმა კი 1.75 ლარიდან 1.94 ლარამდე მოიმატა. გაიზარდა ასევე დიზელის ფასიც. ეკო დიზელის ფასი 1.75 ლარიდან 2.00 ლარამდე გაძვირდა, 33 თეთრით მოიმატა დიზელ ენერჯის ფასმაც და თუ 15 ოქტომბრამდე 1.55 ლარი ღირდა, დღეის მდგომარეობით 1.88 ლარი ღირს.

20-25 თეთრით არის ფასები მომატებული „სოკარის“ სადგურებზეც. სუპერის მარკის ბენზინის ფასი დღეს 2.19 ლარია, მაშინ როცა 14 ოქტომბრის მდგომარეობით 1.95 ლარი ღირდა; პრემიუმის ღირებულება 25 თეთრით - 1.79 ლარიდან 2,04 ლარამდე არის გაზრდილი; ევრო-რეგულარის ფასი 1.64 ლარიდან 1.89 ლარამდე; რეგულარის ფასი კი 1.59-დან 1.84 ლარამდე გაიზარდა; მომატებულია ევრო დიზელის ფასიც, რომელიც დღეის მდგომარეობით 1.90 ლარი ღირს, მაშინ როცა 1.70 ღირდა; დიზელის ფასმა კი 1.52-დან 1.72 ლარამდე მოიმატა.

ორთვენახევრის განმავლობაში 25 თეთრით გააძვირა საწვავი „ლუკოილმაც“. სადაც, ევრო სუპერის ფასი 1.79 ლარიდან 2.04-მდე; პრემიუმ ავანგარდის ღირებულება 1.69 ლარიდან 1.94 ლარამდე გაიზარდა; ევრო რეგულარი დღეს 1.74 ღირს, მაშინ როცა 15 ოქტომბრამდე 1.49 ლარი ღირდა, ევრო დიზელი კი 1.54 ლარი ღირდა, ახლა კი 1.79 ღირს.

„გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი 26-27 თეთრით არის მომატებული. კერძოდ, G-Force პრემიუმი დღეს 2.04 ლარი ღირს, 15 ოქტომბრამდე კი 1.77 ღირდა; G-Force ევრო რეგულარის ფასმა 1.67-დან 1.94 ლარამდე; რეგულარის საფასურმა კი 1.58 ლარიდან 1.84 ლარამდე მოიმატა; 24-25 თეთრით გაიზარდა დიზელის ფასი. ევრო დიზელი 1.75 ღირდა, დღეს კი მისი ფასი 1.99 ლარია; დიზელის ღირებულებამ კი 1.59 ლარიდან 1.84-მდე მოიმატა.

22-დან 26 თეთრამდე გაიზარდა ფასები „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. ევრო პრემიუმი დღეის მდგომარეობით, 2.03 ლარი ღირს, მაშინ როცა 15 ოქტომბრამდე 1.77 ღირდა; ევრო რეგულარის ფასმა 1.55 ლარიდან 1.81 ლარამდე მოიმატა; სუპერის მარკის ბენზინი 1.99 ლარი ღირდა და დღეს 2.21 ლარი ღირს; efix ევრო დიზელის ფასმა 1.76 ლარიდან 2.01 ლარამდე მოიმატა; ხოლო ევრო დიზელის ფასი 1.57 ლარიდან 1.81 ლარამდე გაიზარდა.