1-ელი ივლისიდან ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება სავალდებულო გახდება.სიახლე სარეკლამო კანონში შედის და მის თანახმად, ნებისმიერი უძრავი ქონების სარეკლამო ფასი უნდა დაფიქსირდეს ლარში. თუმცა, ეს არ გულისხმობს ვალდებულებას, რომ ფასი კონტრაქტშიც ლარში იყოს მოცემული. კანონის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ლარიზაციის გეგმის ნაწილია და ის მყიდველს დაანგარიშებისა და დაგეგმვის უკეთეს საშუალებას მისცემს.
უძრავი ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში დაფიქსირებას დადებითად აფასებენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. "არსის" ფინანსური დირექტორი და მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე აბულაძე Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფასის ლარში დაფიქსირების ვალდებულება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და მომავალში ფასის მითითება კონტრაქტშიც ლარში უნდა მოხდეს.
"მგონია, რომ ლარში გაყიდვა არის სწორი. იმედი მაქვს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჯერ-ჯერობით საუბარია, მხოლოდ რეკლამის კანონზე და არა იმაზე, ვალდებული ვართ თუ არა კონტრაქტში დავაფიქსიროთ ფასი ლარში. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს ვალდებულება, რომ შემდეგში კონტრაქტშიც ლარი დაფიქსირდეს. ახალი კანონის მიხედვით, მე ვალდებული ვარ ფასი გამოვაცხადო ლარში, მაგრამ როცა რეალური კლიენტი მოვა მე შემიძლია ხელშეკრულებაში ჩავუწერო დოლარი.
ეს ძალიან კარგია, რადგან ნელ-ნელა ლარში აზროვნებას დავიწყებთ.
უბრალოდ მე უფრო მყარი პოზიცია მექნებოდა და მეტად ვაიძულებდი როგორც კლიენტს, ისე ბიზნესს, რომ ლარში ანგარიშზე გადასულიყვნენ. დეველოპერებს აქვთ იმის საშუალება, რომ ლარში გაყიდონ ბინები. რადგან მათი ხარჯების 80-85%-იც სწორედ ლარშია. თუმცა, ამ პროცესებში აუცილებლად ჩართულები უნდა იყვნენ ბანკები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რომ სესხები ლარში გასცენ," - განმარტავს აბულაძე.
მისივე თქმით, მომხმარებლისთვის სიახლე ცალსახად კარგია, იმიტომ რომ ლარის კურსის ცვლილება მასზე დიდ გავლენას ახდენს, როცა შემოსავალი აქვს ლარში, და სესხი ან ბინის გადასახადი - დოლარში.
"სიახლე მომხმარებლებისთვის უფრო პოზიტიურია, ვიდრე ბიზნესისთვის.
თუმცა მე მგონია, რომ მომხმარებლის ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბიზნესის. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ცვლილება ქვეყნის ეკონომიკის გამართვას გამოიწვევს, რაც, ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება," - დაამატა აბულაძემ.
ცვლილებას დადებითად აფასებს "სიტყვა და საქმეს" რედაქტორი ლელა არაბულიც. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში უძრავი ქონების რეალიზაციისთვის ადგილობრივი ვალუტა გამოიყენება და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
"სიახლე განსაკუთრებულ პრობლემებს არ გამოიწვევს. უბრალოდ კლიენტიც და ბიზნესმენიც უნდა მოემზადოს ამისთვის. ჩემი აზრით, სასურველია, რომ ანგარიშსწორებაც ლარში ხდებოდეს. სიახლის ძალაში შესვლის შემდეგ, ფასებს დარეგულირება დასჭირდება. თუმცა ეს დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული," - აღნიშნავს არაბული.
ბექა კურცხალია რამდენიმე წელია, საკუთარი რესურსებით სახლებს აშენებს და შემდეგ აქირავებს ან აგირავებს. საკუთარი მცირე ბიზნესის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კი ლარის გაუფასურებას და ბინებზე ფასების კლებას ასახელებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებას აღნიშნული რისკებისგან დაიცავს და ბიზნესს უფრო სტაბილურს გახდის. იხილეთ გაგრძელება