სილქ როუდ ჯგუფის იურიდიული სამსახურის განცხადება

სილქ როუდ ჯგუფი ოფიციალურად გმობს 2016 წლის 23 დეკემბერის ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-ში განთავსებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლის, ბატონ გიორგი რამიშვილის, შესახებ.

სრული სიცრუეა ბატონ გიორგი რამიშვილის მხედრიონის წევრად მოხსენიება. აგრეთვე, არასწორია ინფორმაცია სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების არსებობის შესახებ, მაშინ, როცა ყველა საქმე სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, რაც დადასტურებულია ოფიციალური საბუთებით.

ჩვენთვის აღმაშფოთებელია, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე გაზეთმა, როგორიცაა Wall Street Journal-ი, გადაწყვიტა აშკარა ცილისმწამებლური განცხადებების გამოქვეყნება ყველა არსებული ფაქტის გადამოწმების გარეშე. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ქართულმა მედია საშუალებებმა, მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, Georgian Times-მა და News Press-მა, გამოიყენეს Wall Street Journal-ის გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის კიდევ უფრო ნეგატიური ინტერპრეტაცია და განახორციელეს ორგანიზებული თავდასხმა კომპანიაზე, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა ქართული ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში, ასევე კულტურასა და სპორტში და თავისი როლი ითამაშა საქართველოს ინტეგრაციაში საერთაშორისო ასპარეზზე.

მსგავსი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები დიდ ფინანსურ, ეკონომიკურ და რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას. მოვუწოდებთ ყველას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებას, რაც ზიანს აყენებს კერძო კომპანიის იმიჯს და ზოგადად ქვეყანაში ბიზნეს გარემოს და წარმოადგენს აშკარა შეტევას ბიზნესზე.

(R)