ლარის გაუფასურებას ხელს უწყობდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები და ის ხელოვნური პანიკა, რაც ძალიან სენსიტიურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი განცხადებით, ბოლო დღეებში ნაციონალური ვალუტა ინარჩუნებს გამყარების ტენდენციას, რაც დადებითი მოვლენაა.
ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ლართან მიმართებაში ასევე უმნიშვნელოვანესია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში იყოს სტაბილური სიტუაცია.
„ტრამპის ინაუგურაცია არის 20 იანვარს. მნიშვნელოვანია, რა მონეტარულ პოლიტიკას აირჩევს ის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერალური სარეზერვო სისტემა. ვნახავთ, გაძვირდება თუ არა დოლარი მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები 2017 წელს.ეს ვითარება აუცილებლად შეუწყობს ხელს ლარის სტაბილურობას. ლარიზაციის პერიოდიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.