ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა. როგორც ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, 12 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 655 667 ლარია დახარჯული.აღნიშნული თანხიდან 988 619 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 16 სოციალური პროგრამის განხორციელებისათვის გამოყო.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მთელი წლის განმავლობაში, მოქალაქეთა პირადი განცხადებების საფუძველზე, 667 048 ლარის დაფინანსება გასცა.
ჯამში გამგეობამ და საკრებულომ დახმარება გაუწია 5 145 ადამიანს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, სოციალური პროგრამები, ახალ 2017 წელსაც გაგრძელდება.
გამგებლის განმარტებით, მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა და დედ–მამით ობოლი ბავშვების დახმარება.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს გამგეობამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების, ისე რაიონის ნებისმიერ მცხოვრების.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც 2016 წლის განმავლობაში ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.