ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი - აქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავია, გვჭირდება ევროსტანდარტის საავადმყოფო

აქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავია, ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დარღვევაა , - ამის შესახებ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორმა ეკა ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწრაფოდ მოსაწერიგებელია, რადგან პაციენტები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

ეკა ზოიძის თქმით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული სიტუაცია 2015 წლის სახალხო დამცველისა და ევროსაბჭოს მონიტორინგის ანგარისშიც მოხვდა. მისი განმარტებით, მონიტორინგის შედეგად მკაცრი რეკომენდაციები მიიღეს.

„მე, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელს ყოველდღიურად მაქვს შეხება და ვხედავ არსებულ მდგომარეობას. მატერიალურ ტექნიკური ბაზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მუდმივი გაფრთხილების წყაროა. სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ანგარიშში ვრცელი რეკომენდაცია დაიდო, რადგან სახელმწიფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უცილებლად უნდა გაეუმჯობესებინა. 2015 წლის სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში იყო ძალიან მკაცრი რეკომენდაცია. აქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავია, ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დარღვევას უტოლდებოდა. რეალურად მეც ვხედავ ამ ყველაფერს, ამას არ სჭირდება ევროპის საბჭოს მონიტორების თვალი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ ადამიანური რესურსით ვცდილობთ ამ ადამიანების ყოფა გავაუმჯობესოთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სახელმწიფოს უნდა აეღო საკუთარ თავზე და მოეძებნა გამოსავლის გზა. რა გზა მოძებნა, მე ამაზე მსჯელობის უფლება არ მაქვს, ყველაზე კარგად იციან როგორ დაგეგმონ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ევროსტანდარტის საავადმყოფო გვჭირდება.

თუ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოვიდეს, განავითაროს ეს დარგი, რატომ არ უნდა გვქონდეს სურვილი შემდგომი განვითარების?“,- განაცხადა „შპს რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნერვოლოგიური საავადმყოფოს“ დირექტორმა ეკა ზოიძემ.

ბათუმში „შპს რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნერვოლოგიური საავადმყოფოში ამ დროისათვის, 140 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას. სამედიციონო დაწესებულებას მთლიანობაში 150 პაციენტის მიღება შეუძლია და 150 ადამიანია დასაქმებული.

რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოს პრივატიზაციაზე აუქციონი გამოცხადდა.