2016 წლის ეკონომიკური შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები

2016 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2017 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, "ინტრეპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავასა და საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დოკუმენტს? იძლევა თუ არა იგი იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და პასუხობს თუ არა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?

ლადო პაპავა

- 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება

ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა

ლადო პაპავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მარტივად არ მიიჩნევს იმის გამო, რომ ”2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად ეჩვენება.” ხელისუფლება 2017 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას 4%-ით პროგნოზირებს, რაც დაცილებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზსაც. მისივე განმარტებით, არც ქართულ ეკონომიკას და არც გლობალურ ეკონომიკას არ გააჩნია ისეთი სიმპტომები, რომ 4%-იანი ზრდა იყოს უზრუნველყოფილი.

”თუ 4%-იანი ზრდა არ იქნება, მაშინ გარკვეული პრობლემები დაუდგება სხვადასხვა სახეობის საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც უშუალოდ არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე”, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძის განმარტებით, ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია არა ფორმალურ დოკუმენტზე, რომლის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია, არამედ მთავრობის გეგმებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

”მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომელიც შემდგომში უნდა მედგრად და წარბშეუხრელად განახორციელოს”, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროექტებისა და გეგმების განხილვაში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი. ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას, სხვა აკადემიებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ოპტიმალური გზების ძიებაში და თავისი კომპეტენტური აზრი საჯარო სივრცეში გამოთქვან. თავად კი, როგორც საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი პირობას დებს რომ ამ თვალსაზრისით ”გამოსწორდება”.

რამდენად სამართლიანია ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნა და რამდენად შესრულებადია 2017 წლის ბიუჯეტი?

ლადო პაპავა - 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული და მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შექმნილია ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ

ლადო პაპავა კვლავაც მიუთითებს იმაზე, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული, ამიტომ ”მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს კრიტიკაში პროფესიული, რაციონალური და კეთილმოსურნე შენიშვნის მიმცემი ოპოზიცია, მაგრამ ”ჩვენთან ვინც უფრო მწარე სიტყვებით აგინებს მთავრობას, მით უფრო „მაგარი ბიჭია“. ამიტომ იქმნება ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ”.

რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვერ ხედავს თუ ვერ იცლის ხელისუფლება ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებისთვის?

ლადო პაპავა - მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის არა საქართველოს განვითარების, არამედ საქართველოში მახინჯი სტრუქტურის შენარჩუნების გზა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენთან ბანკირები განსაზღვრავენ ბიზნესის თამაშის წესებს და კაპიტალის დაგროვებას უმაღლეს იმპერატივად განიხილავენ

ლადო პაპავას თქმით, ეს კითხვა მასაც აღელვებსა და მაწუხებს. მისივე განმარტებით, საქმე ისაა, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, განსაკუთრებით მისი ორი პუნქტი, რომელიც ეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს და განათლებაში გერმანული მოდელის შემოღებას, პრაქტიკულად დააკანონებს საქართველოს ეკონომიკის ცუდ სტრუქტურას, შეინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკის მომხმარებლურ ხასიათს.

”მოგების გადასახადის ესტონური მოდელი პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ განვითარდებიან ისევ ბანკები, რესტორნები, სასტუმროები, ხოლო ის ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, - ინოვაციურ ეკონომიკას ვგულისხმობ, საერთოდ არ შეიქმნება”, - აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, განათლების გერმანული მოდელი ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და დააფინანსოს მისთვის საჭირო სპეციალობები, ანუ, ისევ ბანკირები, იურისტები, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ”ამიტომაცაა, რომ ვამბობ, ეკონომიკური თვალსაზრისით მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის არა საქართველოს განვითარების, არამედ საქართველოში მახინჯი სტრუქტურის შენარჩუნების გზა” დასძენს ლადო პაპავა, რომლის აზრითაც, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს დაბალ პროფესიონალიზმთან, სიჯიუტესთან, ან ეკონომიკური მეცნიერების როგორც ასეთის სიძულვილთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ მთავრობამ მსოფლმხედველურად ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი აირჩია და ამ მოდელში საკმაოდ სუსტ ეროვნული ვალუტის პოლიტიკას ატარებს. ამით მას ექმნება ილუზია, რომ ჩვენ გლობალიზებულ სამყაროს შევერწყმებით.

”ჩვენთან ბანკირები განსაზღვრავენ ბიზნესის თამაშის წესებს და კაპიტალის დაგროვებას უმაღლეს იმპერატივად განიხილავენ”, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომლის განმარტებითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა ჯგუფებს სურს ჩვენი მოსახლეობა მთლიანად მოაქციოს გადაუხდელი და უიმედო დავალიანებების წნეხის ქვეშ. მისივე მტკიცებით, ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელია სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ევროპაში სახელმწიფო სექტორი ეხლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. სხვათა შორის, იგივეს დონალდ ტრამპიც გაიძახის და აშშ-ს განსავითარებლად პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას აპირებს.

რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ლარის კურსის შენარჩუნებას? რამდენად მართებულია მტკიცება, რომ მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა?

ლადო პაპავა - არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გაზრდაზე კი არა, არამედ მის კარგ მიმოქცევაზე უნდა იზრუნოს

ლადო პაპავას მტკიცებით, ჩვენ არ უნდა გვქონდეს საუბარი ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ვინაიდან ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ჩვენი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში იაფდება. ამიტომ, ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია.

”ამ შემთხვევაში ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს”, - დასძენს ექსპერტი ლადო პაპავა, რომლის განმარტებითაც ლარის გაუფასურება უნდა ხდებოდეს თანდათანობით. მისი გაუფასურება ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს. სხვა გზა ქვეყანას არ აქვს. ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანოა.

ალექსანდრე თვალჭრელიძის განმარტებით, ლარის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ მაჩვენებელზე - მიმოქცევაში მყოფი უცხოური და ეროვნული ვალუტების მასების ფარდობაზე. ამიტომ უნდა გამოინახოს ოქროს კვეთი: დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში ლარის მასა უნდა იყოს საკმარისი და აუცილებელი.

”ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გაზრდაზე კი არა, არამედ მის კარგ მიმოქცევაზე უნდა იზრუნოს. ამისთვის მას ყველა ბერკეტი გააჩნია, თუნდაც საკმაოდ დიდი რეზერვები უცხოურ ვალუტებში. საქმე მხოლოდ პროფესიონალიზმზე და არჩეულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეა”, - აცხადებს ექსპერტი.

როგორ შეაფასებდით მთავრობის დედოლარიზაციისა და გალარების გეგმას? რამდენად განხორციელებადია იგი და რეალურად რა სარგებელს მოუტანს ლარის კურსის ვარდნით შეწუხებულ მოსახლეობას?

ლადო პაპავა - გალარების გეგმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირ სარგებელს არ მოუტანს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს

ლადო პაპავას განმარტებით, ეს კითხვა საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ პასუხიც მარტივი ვერ იქნება. ლარიზაციის გეგმის რეალიზაციით დოლარიზაციის კოეფიციენტი საქართველოში დაიკლებს, ანუ დოლარებში ტრანზაქციების წილი შემცირდება. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი სარგებელს მოუტანს ლარის კურსით შეწუხებულ მოსახლეობას.

”სტატისტიკურად მთავრობა აჩვენებს, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა, მაგრამ გაჭირვებული ხალხისთვის მაინც იქნება ეს პრესი. თუნდაც იმიტომ, რომ გალარების გეგმა ხელს უწყობს მხოლოდ იმ 33 ათას ადამიანს, ვისაც იპოთეკური სესხი დოლარში აქვთ აღებული. თანაც იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც არანაირი სესხი არ აუღია, მათ შორის იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ეკონომიკურად შეჭირვებულია და მიზერული ხელფასი აქვს”, - აღნიშნავს ექსპერტი, რომლის მტკიცებითაც ”გალარების გეგმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. მთავრობა და ეროვნული ბანკი კი იტყვიან, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულია”.

ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, მას გალარების გეგმა მომწონს, მაგრამ არა ეკონომიკური, არამედ მსოფლმხედველური თვალსაზრისით, ვინაიდან ”ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს.” მისივე თქმით, ლარი არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული სიამაყის ნაწილი, არამედ კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნილებაცაა, შესაბამისად, ბანკის კრედიტი ლარებში უნდა ფიქსირდებოდეს, ისევე როგორც ქვეყნის დეველოპერული კომპანიები ბინებს ლარებში უნდა ყიდნენ.

როგორ შეაფასებდით 2016 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით?

ლადო პაპავა - რთულად, ძალიან რთულად. 2016 წელმა აჩვენა რომ საქართველოს სჭირდება ”კომბლე” რათა ”სამთავრობო მგელს” გაუმკლავდეს...

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ალექსანდრე ჭავჭავაძის სიტყვებისა არ იყოს: „მე იგივე ვარ მარად და მარად“...

რას მიიჩნევდით 2016 წელს უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ მოვლენად?

ლადო პაპავა - ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, რომლითაც ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა ისედაც რთულ დღეში მყოფი ეკონომიკა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩემზე 2016 წელს ავტომაგისტრალების დაჩქარებულმა მშენებლობამ მოახდინა შთაბეჭდილება

ლადო პაპავას აზრით, სამწუხაროდ, მთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ალბათ მაინც ის არის, რაც ახლა მოხდა - ”ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, როდესაც მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა ისედაც რთულ დღეში მყოფი ეკონომიკა. რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ბიზნესი, რაც აისახა ლარის კურსზე. სამწუხაროდ, ეს გახლავთ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც მინუს ნიშნითაა.”

ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ასეთები ბევრი არ იყო, მაგრამ მასზე 2016 წელს ავტომაგისტრალების დაჩქარებულმა მშენებლობამ მოახდინა შთაბეჭდილება.

რას მიიჩნევდით 2016 წლის ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ ეკონომიკურ ფაქტად?

ლადო პაპავა - ყველაზე კარგი იყო ის, რომ 2016 წლის დასწყისში ”გაზპრომმა” ვერ აჯობა საქართველოს მთავრობას, ვერ აჯობა ქართველ ხალხს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე იმედისმომცემი, და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეს სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური ქარხნების მშენებლობის დაწყებაა

ლადო პაპავას აზრით, ”ყველაზე კარგი იყო ის, რომ 2016 წლის დასწყისში ”გაზპრომმა” ვერ აჯობა საქართველოს მთავრობას, ვერ აჯობა ქართველ ხალხს, სატრანზიტო გაზში, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთს რუსეთიდან მიეწოდება, მისი საფასური დარჩა ისევ ნატურაში და არ გავიდა ფულად ერთეულში. ვფქირობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური გამარჯვება”...

ალექსანდრე თვალჭრელიძე ყველა ცუდ ფაქტად, რა თქმა უნდა, ლარის კურსის მსხვრევას მიიჩნევს, მაგრამ იქვე დასძენს - ”ყველაზე იმედისმომცემი, და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეს სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური ქარხნების მშენებლობის დაწყებაა”.

რას მიიჩნევდით იმის მიზეზად, რომ "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ქვეყანაში არ შექმნილა ახალი საწარმოები, არ გაზრდილა დასაქმებულთა რაოდენობა და ქვეყანას არ დაუწყია იმგვარი პროდუქციის წარმოება, რომლის გატანა ექსპორტზე იქნებოდა შესაძლებელი...

ლადო პაპავა - მთავრობამ დაივიწყა ”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020”, რომელიც ინოვაციური ეკონომიკის შექმნას ითვალისწინებს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქმე გვაქვს ქართველი რიგითი მეწარმეების დაბალ სამეწარმეო კულტურასთან და ორიოდე წლის განმავლობაში ამ ხარვეზის გამოსწორება აშკარად უტოპისტური იყო

ლადო პაპავას შეფასებით, ”აწარმოე საქართველოში” ძალიან კარგი პროექტია. მაგრამ, ის არ არის მასშტაბური. მთავრობას ამ საქმეში გვერდზე უნდა დაუდგეს საპარტნიორო ფონდი, რომელიც, ჩემი აზრით, პასიურობს. გაუგებარ პროექტებზე მახვილდება ყურადღება - წინანდალში სასტუმრო, გაუგებარი ინვესტორები ”ჰუმანითი ჯორჯია”-ში, და სხვ.

”მთავრობას აქვს ძალიან კარგი პროექტი, ვგულისხმობ ”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020”-ს. მასში წერია, რომ 2020 წლისთვის უნდა შეიქმნას ინოვაციური ეკონომიკა. სამწუხაროდ, ამ პროექტებზე მთავრობა აღარ საუბრობს. სამწუხაროა, რომ ეს დოკუმენტი მივიწყებულია”, - აცხადებს ლადო პაპავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პროექტ ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში რამდენიმე საწარმო ამუშავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია და მთავრობა აქ არაფერ შუაშია. ”საქმე გვაქვს ქართველი რიგითი მეწარმეების დაბალ სამეწარმეო კულტურასთან და ორიოდე წლის განმავლობაში ამ ხარვეზის გამოსწორება აშკარად უტოპისტური იყო. იმედია, ქართველები ნიჭიერი ერი ვართ და ევროპული დონის მეწარმეობასაც მალევე შევისწავლით”, - დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება პროექტების დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით ვერ საქმიანობს?

ლადო პაპავა - არ ვიცი რისი ბრალია - პროფესიონალიზმის თუ პოლიტიკური ნების არქონის. შესაძლოა, ორივეს ერთად

ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობის მიმართ ამგვარ ბრალდებას უსამართლოდ მივიჩნევ

ლადო პაპავას მტკიცებით, ის რომ მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან აქტიურად ვერ თანამშრომლობს კომპეტენტურობისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობის საკითხია. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველო ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო, როდესაც ჰიპერინფლაცია იყო, როდესაც კუპონი არავის უნდოდა, მაშინ შეძლო მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დაწყება და ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი კრიზისიდან.

”ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი რისი ბრალია - პროფესიონალიზმის თუ პოლიტიკური ნების არქონის. შესაძლოა, ორივეს ერთად”, - დასძენს ლადო პაპავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე მთავრობის მიმართ ამგვარ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს. მისივე განმარტებით, ახლა საერთაშორისო დონორებს უამრავი ახალი გაუთვალისწინებელი გამოწვევა აქვთ - ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში, ჰუმანური კატასტროფა სირიაში, დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული დეფოლტის ხიფათი საბერძნეთსა და პორტუგალიაში და კიდევ მრავალი სხვა. ”საერთოდ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ რაც წინ წავალთ, მით ნაკლები იქნება საერთაშორისო ფინანსური დახმარება. აბა, ხელგაშვერილი მათხოვარივით ხომ სულ არ უნდა შევყურებდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას?”- აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 26 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობა "საქართველოს რკინიგზისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25%-ის გასხვისებას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკება უკვე გამართა და კომპანიათა აქციების საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად ხელსაყრელ პერიოდს ელის. პრესაში პოტენციური მყიდველებიც უკვე დასახელდნენ - "სოკარი" და "გაზპრომი". თუ დასახელებული აქციები ან ერთმა, ან მეორე კომპანიამ შეიძინა, ეს რისი ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს?

ლადო პაპავა - ვინ მისცა უფლება პრემიერ-მინისტრს ასე გაანიავოს ქვეყნის სიმდიდრე და ქვეყანას შეუქმნას სერიოზული საფრთხე?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობის ამ გეგმებში სახიფათოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ თუ დასახელებულ კომპანიებს ევროპელი კონკურენტებიც შეუერთებოდნენ

ლადო პაპავა - ”ეს ის შემთხვევაა, როცა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულად არ ვუჭერ მხარს, რადგანაც მე მხარს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ვუჭერ”.

ექსპერტის მტკიცებით, არ შეიძლება ისეთი სტრატეგიული ობიექტების სხვისთვის გადაცემა. ეს ეხება როგორც ”გაზპრომს”, ისე ”სოკარს”. ”ორივე შემთხვევაში იქნება კონფლიქტი. თუ ”სოკარს” ექნა ზეგავლენა, ის ამას აუცილებლად გამოიყენებს სომხეთის წინააღმდეგ და საქართველო აღმოჩნდება აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტში აქტიურად ჩაბმული. რატომ ვაკეთებთ ამას?”- აცხადებს ლადო პაპავა, მისივე თქმით, თუ მას იყიდის რუსეთი, სულ ცოტა, ძალიან გაგვირთულდება ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ”ეს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის საკუთრება და ქვეყნის სიმდიდრეა, ვინ მისცა უფლება პრემიერ-მინისტრს ასე გაანიავოს ქვეყნის სიმდიდრე და ქვეყანას შეუქმნას სერიოზული საფრთხე? ეს არის უდიდესი შეცდომა და ამიტომ გავიმეორებ - ამ საკითხში პრინციპულად არ ვუჭერ მხარს პრემიერ-მინისტრს, რადგანაც მე მხარს საქართველოს სახელმწიფოს ვუჭერ”, - დასძენს ლადო პაპავა.

ლადო პაპავასაგან განსხვავებით ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობის ამგვარ გეგმებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ თუმცა კარგი იქნებოდა, რომ თუ დასახელებულ კომპანიებს ევროპელი კონკურენტებიც შეუერთებოდნენ.

”ნორმალური ქვეყნები კი უცხოელ ინვესტორებს თავის საფონდო ბაზრებზე იზიდავენ ხოლმე. აქ იკვეთება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ქვაკუთხედი: ეროვნული კაპიტალური ბაზრის განვითარება და ამ მიზნისთვის აუცილებელი ინსტიტუტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა. აი, ჩემი პირველი რჩევაც მთავრობისთვის”, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

სავარაუდოდ, როგორია 2017 წელს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა? და კიდევ, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ 2017 წელს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვან წილად საგარეო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული?

ლადო პაპავა - ის გეგმა და ხედვა, რომლითაც ”ქართული ოცნება” აკანონებს ბიუჯეტის ხაზით, საქართველოში გამოიწვევს ძალიან რთულ ეკონომიკურ ვითარებას

ალექსანდრე თვალჭრელიძე - იმედია, პრემიერ-მინისტრის ენერგიის ლომის წილი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის გაჯანსაღებას დაეთმობა

ლადო პაპავა დარწმუნებულია რომ 2017 წელს საკმაოდ რთული პერსპექტივაა, იმიტომ, რომ ”ის გეგმა და ხედვა, რომლითაც ”ქართული ოცნება” აკანონებს ბიუჯეტის ხაზით, საქართველოში გამოიწვევს ძალიან რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

მისივე მტკიცებით, 2017 წელს იქნება ფასების ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესება. პაპავას განმარტებით, ”შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ - საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური კრიზისი. არ მინდა რომ 2017 წელი იყოს ამ სოციალური კრიზისის უარყოფითად განმუხტვის წელი.”

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, ფიზიკურად ძლიერი და კარგი იმუნიტეტის მქონე ადამიანი გრიპის ეპიდემიას არ უშინდება და არ ეგუება. ასეა ეკონომიკაშიც. ”თუ ძლიერია ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, საგარეო ფაქტორებიც ვერაფერს დაგაკლებენ. იმედია, პრემიერ-მინისტრის ენერგიის ლომის წილი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის გაჯანსაღებას დაეთმობა”.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”