სივრცითი მოწყობის გეგმა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში იქნება სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ უდიდესი სამუშაო გასწია და მოამზადა 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი - ეს არის ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია.
„პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ, გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს. ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ეს არის თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ასევე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში იქნება სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი.
სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდება ქაოტური განაშენიანება. სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა“, -განაცხადა პრემიერმა.