სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო, აქედან მხოლოდ 2016 წელს გაიხსნა 21 ახალი საწარმო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წლის შედეგები შეაჯამა.
პრემიერის შეფასებით, ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რთველზეც და აღნიშნა, რომ წელს გადამუშავდა 115 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.
„ეს ყველაზე მეტად სასიხარულოა იმ კუთხით, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს არის მხოლოდ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ასევე უნდა აღინიშნოს გაზრდილი მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით“, -განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ექსპორტის კუთხით მატება აღსანიშნავია, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
„მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში ეს დაახლოებით 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, რა თქმა უნდა, ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებშიც ანალოგიურად საპროცენტო ზრდის პარალელურად“, -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც.
„დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს“, რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური“, - განაცხადა პრემიერმა.