„ბიზნესსახლში” ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის“ პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება.
„ჩვენ შევიმუშავეთ მმართველობითი რეფორმა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის“ პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება და სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინ მომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია. ეს რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.