სამეგროლო-ზემო სვანეთში, სოფელ მუხურში მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა მომავალ წელს გაიხსენება და ორი მიმართულებით იმუშავებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა ლაბორატორიის გახნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზა 2017 წლიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება.
”ლაბორატორიული კომპლექსი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს. ლაბორატორიული კომპლექსი ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
პირველი ეს არის ლაბორატორია, რომლიც ფუნქციაც ჯიშურობისთვის განმსაზღვრელი გარეგნული შესახედაობისა და აგებულების ნიშან-თვისებების გაზომვა იქნება, ხოლო მეორე დედა ფუტკრის ინსტრუმენტალური განაყოფიერების ლაბორატორიაა, სადაც ყოველგვარი იზოლირებული ტერიტორიის გარეშე დედა ფუტკრების განაყოფიერება განხორციელდება”, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, სუფთა ჯიშის შენარჩუნებისა და ქართული ფუტკრის პოპულაციის გაწმენდის მიზნით ლაბორატორია აუცილებელ კვლევით სამუშაოებს განახორციელებს.
მუხურში მშენებარე მეფუტკრეობის ლაბორატორიის ბაზაზე სასწავლო ცენტრიც გაიხსნება, სადაც ახალგაზრდები მეფუტკრეობის საფუძვლებს დაეუფლებიან.
თათია ახვლედიანი