ფაბლაბების მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა

საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით შეიქმნა, მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა.

საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონის მასშტაბით, რომელიც ფაბლაბების მსოფლიო რუკაზე მყოფ ქვეყნებს შეუერთდა.

დღეის მდგომარეობით, ფაბლაბების რაოდენობით საქართველო ფაბლაბების მსოფლიო რუკაზე მე-11 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია და ჩინეთი არიან.

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველომ საკუთარ თავზე აიღო გამოწვევა, რომ ფაბლაბების ბაზარზე მოხდეს წარმოების განვითარება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მეტი პერსპექტივა გვაქვს, რეგიონის მასშტაბით ვიყოთ თვითმდგრადები. 22 ფაბლაბი საკმაოდ დიდი ციფრია. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს FAB11-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველომ მიიღო FabCountry-ის სტატუსი, ჩვენი ქვეყნისთვის ზემოთ აღნიშნული წინსვლა კი უფრო მეტად ამყარებს ამ მასშტაბურ პროექტში ჩვენ აქტიურ მონაწილეობას“, - აღნიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბების პროექტის კოორდინატორმა გიორგი ხაჩიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იკავებს ადგილს იმ კომისიის წევრებს შორის, რომლებიც იღებენ მონაწილეობას მსოფლიო

რუკაზე დარეგისტრირებული ფაბლაბების შერჩევასა და მათ რუკაზე გამოჩენაში.

მსოფლიო ფაბლაბების რუკა ეს არის საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ამ ტიპის ლაბორატორიას შორის.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (Fablab) უნიკალური სივრცეა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა და მისი განხორციელება ან სტარტაპბიზნესად ჩამოყალიბება სურს. ფაბლაბის იდეა თავდაპირველად აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაიბადა.

ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.

ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად.

„ასევე საყურადღებოა განვითარების სწორი კურსი და სტარტაპ ბიზნესის ზუსტი

ფორმულირება, რადგან მან შეძლოს ბაზარზე თავის დამკვიდრება და წვლილის შეტანა ქვეყნის ეკონომიკაში, რაზეც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება მომავლის პროფესიების ასპარეზი, რაც გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოს“, - აღნიშნავს გიორგი ხაჩიძე.

მისი თქმით, არსებობს ასევე ფაბსითის ( FabCity) კონცეფცია, რაც ქალაქის თითოეულ უბანში საკუთარი ფაბლაბის შექმნას გულისხმობს. ასეთი ფაბლაბი ადამიანს მისცემს შესაძლებლობას სასურველი პროდუქტი აწარმოოს ისე, რომ ამისთვის დიდ ქარხნის აგება არ დასჭირდეს.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. პირველი ლაბორატორია დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამის შემდეგ სააგენტომ თბილისის მერიასთან და განათლების და მეცნიერების

სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოახდინა 21 ლაბორატორიის

ფორმირება.

რამდენიმე ხნის წინ კი განათლების სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა 14 ახალი ფაბლაბი, რომლებიც ოფიციალურად იანვარში გაიხსნება. აღნიშნული ფაბლაბები საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელშია განთავსებული.

ამ ეტაპზე საქართველოს 22 ფაბლაბიდან 9 თბილისში მდებარეობს, 2- ბათუმში, 2 - ქუთაისში, თითო-თითო კი მესტიაში, გურჯაანში, ახალციხეში, ქობულეთში, წალენჯიხაში, ფოთში, ამბროლაურში, რუსთავსა და ზუგდიდში.