აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მომდევნო კვირას, მე შევხვდები ჩვენი სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიღო“, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.