2016 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგიდან საქართველოს პოზიციები ზოგიერთში გაუმჯობესდა, ზოგიერთში კი პირიქით, გაუარესდა.
”ბიზნესპრესნიუსი” იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც 2016 წელს საქართველო მოხვდა.
"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი"
2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა.
Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია The Wall Street Journal-თან ერთად აქვეყნებს, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 72,6 ქულით 23-ე პოზიციას იკავებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო 73 ქულით 22-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
„საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტის, ღია ბაზრებისა და მარეგულირებელი ეფექტურობის კუთხით. თუმცა, კვლავ შეშფოთებას იწვევს კანონის უზენაესობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
"კეთილდღეობის ინდექსი“
საქართველომ „კეთილდღეობის ინდექსში“ 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები გაიუარესა. ასეთია ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის რეიტინგის შედეგები. 2015 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველო 80-ე ადგილს იკავებდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე შემაფერხებელ ფაქტორს სოციალური კაპიტალი და გარემო წარმოადგენენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Global Enabling Trade Report) 2016 წლის რეიტინგში, საქართველომ პოზიცია გააუმჯობესა და 41-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი 136 ქვეყანას აფასებს და ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. რეიტინგი ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს აფასებს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით არის გაუმჯობესებული.
Doing Business 2017
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
ამავე რეიტინგის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის (მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ). საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.
გენდერული უთანასწორობის რეიტინგი
გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველომ 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილი დაიკავა.
ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგები.
ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების პარამეტრით საქართველო 61-ე ადგილს, განათლების დონის პარამეტრით 78-ე ადგილს, ჯანდაცვისა და გადარჩენის პარამეტრით 119-ე ადგილს, პოლიტიკური უფლებამოსილების პარამეტრით კი 114-ე ადგილს იკავებს.
პირველ ადგილზე გენდერული თანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მოხვდა ისლანდია, მეორე ადგილზე ფინეთია, მესამეზე კი ნორვეგია. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ შვედეთი და რუანდა. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს იემენი.
OECD-ის ფინანსური განათლების რეიტინგი
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ქსელის (OECD) ფინანსური განათლების, ხედვისა და ქცევის რეიტინგში საქართველო 12.4 ქულით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. კვლევაში 30 ქვეყნის 52 000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგის პირველ სამეულში საფრანგეთი, ფინეთი და ნორვეგიაა.
„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა“
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში 15 წლის მოსწავლეების შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 72 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. კვლევის თანახმად, სამივე საგანში - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში მიღებული ქულებით საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა - 2009 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს ქულები სამივე საგანში შედარებით გაუმჯობესდა. PISA-ს 2015 წლის კვლევაში 72 ქვეყნის მასშტაბით 15 წლის 540 000 მოსწავლე მონაწილეობდა.
"კორუფციის აღქმის ინდექსი"
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ვითარება არ შეცვლილა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. კორუფციის აღქმის კუთხით ორგანიზაციამ სულ 168 ქვეყანა შეისწავლა. მათ შორის საქართველო 48-ე პოზიციაზეა და 2014 წლის მსგავსად, 2015-შიც 52 ქულა მიენიჭა.
საქართველო ტურისტებისთვის 2017 წელს საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
„მოგზაურები და საერთაშორისო პირები შესაძლოა, გახდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი თემის, სექტანტებისა და რასობრივი მოძალადების მხრიდან ძალადობისა და დანაშაულებრივი საფრთხის მსხვერპლი“, - ნათქვამია კვლევაში.
მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგი
მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი დაიკავა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Charities Aid Foundation-ის (CAF) 2016 წლის
რეიტინგში, პირველ ადგილზეა მიანმარი, რომელსაც აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შრი ლანკა მოსდევს.
ბედნიერი ქვეყნების ინდექსი
"ბედნიერი პლანეტის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 31.1 ქულით მე-40 პოზიციაზეა. ფონდ New Economic Foundation -ის ინდექსი შედგება ოთხი ძირითადი პარამეტრისგან - კეთილდღეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეკოლოგიური კეთილდღეობა და უთანასწორობა. ინდექსის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,6 წელია. ფონდი New Economic Foundation ინდექსს ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2012 წლის ინდექსში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო. 2016 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ზედიზედ მეორედ კოსტა-რიკა დასახელდა.
"ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების" რეიტინგი
ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში
საქართველო 139 ქვეყანას შორის 43-ე პოზიციაზეა.