ბათუმის ბულვარის განვითარებისათვის 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ გეგმებს დღეს გააცნობს. მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლისთვის ბათუმის ბულვარში სარწყავი-სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, კაფე "ტყუპებიდან" "იახტ კლუბამდე" ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. უნივერსიტეტიდან ზღვის მიმართულებით კი ფილები გამოიცვლება.

"დღეს ბათუმის საკრებულოში ბულვარის განვითარების პროექტებზე ვისაუბრებთ. ერთი წლის განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იქნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ მინიმალურ პროექტებს განვახორციელებთ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში აუცილებელია. იგეგმება: კაფე "ტყუპებიდან "იახტ კლუბამდე" ტერიტორიის კეთილმოწყობა, სარწყავი და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ასევე უნივერსიტეტიდან ზღვის მიმართულებით ფილების გამოცვლა", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ბათუმის ბულვარის განვითარებისათვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.