2017 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის (ლოტი I) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების გასაწევად, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მოკლე სიაში გასულმა ხუთმა საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა. დღესვე მოხდა ტექნიკური წინადადებების გახსნა, რომელთა შეფასების შემდეგ მხოლოდ იმ კომპანიების ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომლებიც ტენდერით დადგენილ მინიმალურ ბარიერს გადალახავენ.
მათივე ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. სივრცითი მოწყობის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი.
ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია და პირველ ეტაპზე გზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი (კმ0-კმ29) აშენდება. პირველი ეტაპის მშენებლობას, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.