ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 36.6 მლნ ლარით გაიზარდა და 437.1 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ნოემბრის „თვის მიმოხილვაში“. მიმოხილვის თანახმად, 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 854.6 მლნ ლარით გაიზარდა და 17.39 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 12.9 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 9.4 პროცენტი იყო.
სებ-ის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით სესხების მატებამ. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე ასევე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ, რაც განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. ნოემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 70.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.4 პროცენტს შეადგენდა.
როგორც მიმოხილვშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 155.6 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა და 6.11 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ნოემბერში 68.8 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.59 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 40.7 პროცენტს შეადგენს ფიზიკური პირების სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტების მატებით არის გამოწვეული.
მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 36.6 მლნ ლარით გაიზარდა და 437.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 41.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64.5 პროცენტს გაუტოლდა.