ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დღევანდელ სხდომაზე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა იმის გამო , რომ დროულად ვერ მოხერხდა იმ სპორტის ა(ა)იპის რეგისტრაცია, რომელიც სპორტსკოლების რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა, სხდომა გადაიდო.
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მისი თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საჯარო რეესტრში ა(ა)იპის დასარეგისტრირებლად შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა, მაგრამ ჯერ რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ არის.
თოფურიას ინფორმაციით, ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია ახალი ა(ა)იპისთვის.
„საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი მოწვევის სხდომაზე მოხდეს. მიზეზი კი ის არის, რომ რეორგანიზაციის შედეგად სპორტისა და კულტურის სფეროში მოქმედი ა(ა)იპები გაერთიანდა და შეიქმნა ორი ა(ა)იპი. ერთი ა(ა)იპი დარეგისტრირდა, მეორე კი ჯერ არა, თუმცა ბიუჯეტში ასახულია, როგორც ახალი ა(ა)იპი. აქედან გამომდინარე, ველოდებით დარეგისტრირებას. საკრებულო მზად არის 2017 წლის პირველივე სხდომაზე დაიწყოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე თოფურიამ.