აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს“ , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მინისტრის თქმით, მიდგომა შეცვლილია და სამომავლოდ უწყებაში სახელფასო დანამატები, კონკრეტული შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე გაიცემა.
„აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მუშაობაზე ორიენტირებული. გვაქვს გეგმები, რომელიც თუ შესრულდება, აუცილებლად წავახალისებთ თანამშრომლებს. ადამიანები პრემიებს მიიღებენ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი პოზიცია გვაქვს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, ეს გეგმები კარგად გამოგვივა“, - აღნიშნა ალავიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კიდევ ერთხელ უპასუხა უწყების მოქმედი თანამშრომლის გიორგი წაქაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროში თანამშრომლების გათავისუფლება უსამართლოდ მიმდინარეობს. ალავიძის თქმით, არსებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ადამიანთა უმრავლესობა სიახლეების მიმართ რეზისტენტულია.
„სამწუხაროდ ასეა, რომ ყველა ცვლილების მიმართ ბევრი ადამიანი რეზისტენტულია. ბატონის ხედვები სიმართლეს არ შეესაბამება, არავითარ სიბნელეს არსად არ დაუსადგურებია, აქ უბრალოდ ხედვებშია განსხვავება. ჩვენ მოვედით ახალი ხედვით, ახალი ამოცანები გვაქვს, შესაბამისად, არიან ადამიანები განსხვავებული ხედვებით, ამიტომ მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.