თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.
ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს.
“დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მიწვევისთვის. “ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში. ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის”, - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.