ავტოგაზი 15-20 თეთრით გაძვირდა

სხვადასხვა გაზგასამართ სადგურებზე საავტომობილო გაზის ტარიფი 15-20 თეთრით არის გაზრდილი.

„სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დღევანდელი მონაცემებით, ავტოგაზი 1.44 ლარი ღირს, მაშინ როცა კომპანიის საიტზე 3 იანვრის ფასად 1.25 ლარია მითითებული; „ვისოლის“ სადგურებზე - 1.45 ლარი ღირს, საიტზე კი 3 იანვარს დილის საათებში 1.25 ლარი, ამ დროისთვის 1.40 ლარია მითითებული; 1.46 ლარი ღირს ავტოგაზი „გამასა“ და „ფორმულა გაზის“ სადგურებზე, ხოლო „ნეოგაზის“ სადგურზე - 1.45 ლარი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ავტოგაზის გაძვირება ახალი წლიდან აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი მარაგების გარეშე ოპერირებს, 2017 წლის 1 იანვრიდან მოხმარებული და რეალიზებული გაზი უკვე ახალი, გაზრდილი გადასახადითაა დაბეგრილი“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.