შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა.
ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს.
სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.