მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვები შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს.

როგორც მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, საქმეზე ბრალდებულ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელ მაია რჩეულიშვილს სასამართლო განხილვებში მონაწილეობა სურს, რის გამოც, თუ ექიმები სასამართლოს ნებას დართავენ, განხილვები საავადმყოფოში ჩატარდება.

ცუცქირიძის განცხადებით, სასამართლო ვალდებულია, ბრალდებულის გარეშე არ ჩაატაროს პროცესები, რის გამოც ან უნდა დაელოდოს მის გამოჯანმრთელებას და შემდეგ გაგრძელდეს საქმის განხილვა, ან ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სხდომები სააავადმყოფოში ჩაატაროს.

„მაიას აღარ აქვს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოს იმედი მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სამედიცინო საბუთებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა. აქედან გამომდინარე სურვილი გამოთქვა, დაესწროს პროცესებს და მოწმეთა დაკითხვაში მიიღოს მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ უნდა დაიკითხონ მნიშვნელოვანი მოწმეები“, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.