ფინეთმა რადიკალური ექსპერიმენტი წამოიწყო, რომლის ფარგლებში 2 000 მოქალაქე გარანტირებულ შემოსავალს მიიღებს იმის მიუხედავად მუშაობენ თუ არა.
ექსპერიმენტში მონაწილეები თვეში 560 ევროს (587 აშშ დოლარი) მიიღებენ. აღნიშნული თანხა მოქალაქეებს გარანტირებულად გადაეცემათ შემოსავლის, ქონებისა და სამუშაო სტატუსის მიუხედავად.
პროგრამის იდეის ავტორთა განცხადებით, საყოველთაო შემოსავალი დასაქმებულებს სთავაზობს უფრო დიდ უსაფრთხოებას, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ტექნოლოგიური განვითარების გამო მუშახელის საჭიროების შემცირება ხდება.
პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია. მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. პროგრამის ფარგლებში მიღებული ფული არ დაიბეგრება. წარმატების შემთხვევაში, პროგრამაში ყველა ზრდასრული ფინელის ჩართვა მოხდება.
ფინეთის მთავრობის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში პროგრამის გატარებით შეიძლება ფული დაიზოგოს. ანალიტიკოსთა განცხადებით, ფინეთის კეთილდღეობის სისტემა კომპლექსური და ძვირია და მისი გამარტივებით ძვირადღირებული ბიუროკრატიის შემცირებაა შესაძლებელი.