1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე კი 1 000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე გაიზარდა.
როგორც „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 1 იანვრიდან დღემდე კომპანიაში საწვავის ფასების კორექტირება არ მომხდარა.
„საწვავის ფასზე გავლენას 3 კომპონენტი - საერთაშორისო ფასები, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში და 1 იანვრიდან გაზრდილი აქციზის გადასახადი ახდენს. შესაბამისად, საწვავის ფასები ეტაპობრივად ამ სამი კომპონენტის ადეკვატური გახდება და ის ეღირება, რაც მათი გათვალისწინებით უნდა ღირდეს. თუმცა, 1 იანვრიდან მოყოლებული კომპანიაში საწვავის ღირებულება ჯერ არ შეცვლილა. რაც შეეხება იმას, როდის გაიყიდება უკვე ახალი გადასახადით დაბეგრილი საწვავი საქართველოში, ამის თქმა არ იქნება სწორი, რადგან ეს საკმაოდ ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზეა დამოკიდებული - თუ რომელ კომპანიას რა რაოდენობის მარაგი აქვს,“-აღნიშნა მიშველაძემ.