ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა და 15 400 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება.
მათივე ინფორმაციით, საფინანსო დოკუმენტი 2016 წლის 27 დეკემბერს საკრებულოს მიერ დამტკიცდა.
დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება გაეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა პროგრამას.
2016 წელთან შედარებით, 2 315 300 ლარით მოიმატა 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებამ და შეადგინა 5 055 300 ლარი, რაც აღნიშნულ სფეროში 84,5%-იან ზრდას გულისხმობს.
833 600 ლარით გაიზარდა ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მათი რეაბილიტაციის დაფინანსება.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 3 697 300 ლარით განისაზღვრა. 2016 წელთან შედარებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 663 900 ლარით გაიზარდა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და სპორტული დაწესებულებებისათვის გამოყოფილმა თანხამ კი 1 954 00 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის დასაწყისში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სამუსიკო და სასპორტო სკოლებში უფასო გახდა სწავლება. ადგილობრივი ხელისუფლება 2017 წელსაც სრულად უზრუნველყოფს მოსწავლეების გადასახადის დაფინანსებას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 727 100 ლარია გათვალისწინებული, რამაც წინა წელთან შედარებით 563 300 ლარით მოიმატა.
”ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც 2016 წლის განმავლობაში ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარე წელს ინტენსიურად გაგრძელდება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.